საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისთვის ერთიანი წერილით მიმართავენ. 

"დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე... ამ მიზნით სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები და ოპოზიციონერი დეპუტატები მოაწერენ ხელს შესაბამის წერილს ქალბატონი პრეზიდენტის სახელზე... ჩვენ ასევე მზად ვართ მას შევხვდეთ პირადად და პირადად გავაცნოთ საკუთარი არგუმენტები", - თქვა "ლელოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში.

დოკუმენტზე უკვე არის ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის ("ლელო"), ხატია დეკანოიძის ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), კახა ოქრიაშვილის ("პროგრესი და თავისუფლება"), თამარ ჩარკვიანის ("კანონი და სამართალი"), ნატო ჩხეიძისა და როსტომ ჩხეიძის ("სახელმწიფო ხალხისთვის"), უპარტიო დეპუტატების თამარ კორძაიას, შალვა შავგულიძის, არმაზ ახვლედიანისა და დავით ბაქრაძის ხელმოწერები.

იმავე თხოვნით პრეზიდენტს საჯაროდ უკვე მიმართა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც.

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ საქართველო კიდევ უფრო დააშორა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და ბუნდოვანი გადახადა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ამ ეტაპზე უცნობია ყველა პოლიტიკოსის ვინაობა.


სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.